უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ. უკრაინის პრეზიდენტის მოწოდება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც გასულ ღამეს კიევზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.
უკრაინის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ რუსულმა ჯარებმა გამოიყენეს ორი ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი და სტრატეგიული ბომბდამშენებიდან გაშვებული 29 საკრუიზო რაკეტა. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილემ ოლექსეი კულებამ აღნიშნა, რომ ყველა მათგანი ჩამოაგდეს.
„ასეთი ტერორი გრძელდება ყოველდღე და ყოველ ღამე. მისი დასრულება გლობალური ერთიანობითაა შესაძლებელი... რუს ტერორისტებს არ აქვთ რაკეტები, რომლებიც შეძლებენ გაექცნენ Patriot-ებს და მსოფლიოს სხვა წამყვან სისტემებს. უკრაინას ახლა ასეთი დაცვა სჭირდება, კიევიდან ხარკოვამდე, სუმიდან ხერსონამდე, ოდესიდან დონეცკის ოლქამდე. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ ჩვენი პარტნიორები გამოავლენენ საკმარის პოლიტიკურ ნებას, - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
თავდასხმის შედეგად რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა: 13 კიევში და 4 ქალაქის გარეუბანში.
კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერჰიი პოპკოს თქმით, ეს იყო უკრაინის დედაქალაქზე სარაკეტო დარტყმის პირველი მცდელობა თებერვლის დასაწყისიდან.
შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 60 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტი ამჟამად კონგრესში შეჩერებულია პოლიტიკური უთანხმოების გამო.