21 მარტს რუსეთის მიერ საკრუიზო და ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმა მიმართული იყო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ობიექტებზე. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას“ თანამოსაუბრემ დაზვერვის მთავარ სამმართველოში განუცხადა.
„რაკეტების აბსოლუტური უმრავლესობა, რომლებიც 21 მარტს კიევისკენ გაუშვეს, მიმართული იყო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ობიექტებზე“, - თქვა წყარომ.
მისი თქმით, საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსი სამხედროები უკრაინას 31 რაკეტით დაესხნენ თავს. თავდასხმის ძირითადი მიმართულება კიევი იყო, ყველა რაკეტა ჩამოაგდეს. მათივე ცნობით, რუსეთის მიერ წარმოებული რაკეტების ღირებულება 390 მილიონი დოლარია.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, კიევში, რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად 13 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.