რუსეთს, შესაძლებელია მალე ისეთი სამხედრო პოტენციალი ჰქონდეს, რომ ნატოზე თავდასხმა უკვე 2026-27 წლებში შეძლოს.
ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ტელერახ CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის პრეზიდენტმა დაიცვა თავისი ბოლო განცხადება, რომელიც ეხებოდა ნატო-ს თავდაცვისათვის საჭირო ხარჯების ზღვრის გაზრდას მშპ-ის 2-დან 3 პროცენტამდე.
”ჩემი გადმოსახედიდან, ეს საღი აზრია. ჩნდება ახალი ანგარიშები და მე ახლახან ვნახე გერმანელი ექსპერტების ანგარიში, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, უკვე 2026 და 2027 წლების მიჯნაზე, პუტინს, გადაიყვანს რა თავის ეკონომიკას სამხედრო ბაზაზე, ექნება ისეთი სამხედრო პოტენციალი (...), რომ შეძლებს შეუტიოს ნატო-ს... განგაშის ზარი რეკავს: მანამდე კიდევ 2-3 წელია დარჩენილი, რომლის დროსაც ჩვენ გვჭირდება ძალისხმევის გაზრდა, საბრძოლო მასალის შეგროვება, იარაღის წარმოება, ევროპის უსაფრთხოების შესაძლებლობების გაზრდა და შემოჭრისთვის{რუსეთის} მომზადება ისე, რომ ეს არ მოხდეს," - განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა.
მან ასევე მოუწოდა აშშ-ს, გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა და გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში არ შეჩერდება, ამის ფასი მოგვიანებით მკვეთრად გაიზრდება.
„ეს რუსული აგრესია ნებისმიერ ფასად უნდა შეჩერდეს, თუ არ შეჩერდა, გავრცელდება და მაშინ ვშიშობ, რომ ამერიკული ფული არ იქნება საკმარისი რუსეთის შესაჩერებლად, იმისათვის, რმომ რუსეთის შეჩერდეს, ამერიკის ჯარების ჩარევა გახდება საჭირო და ეს არავის უნდა“, - თქვა დუდამ.
ამავე დროს, მან განაცხადა, რომ ”ყოველი დოლარი, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად გაიგზავნება, ყოველი „ბრედლი“, რომელიც გადაეცემა უკრაინას, ყოველი იარაღი, ყოველი ყუთი საარტილერიო საბრძოლო მასალით, რომელიც გადაეცემა უკრაინას, გვაშორებს რუსეთის გამარჯვების აჩრდილს”.