საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ არ აქვთ ლიმიტი უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით და რეაგირება იქნება იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი.
მაკრონმა ამის შესახებ უკრაინელ ჟურნალისტებთან ტელემარათონის ეთერში ისაუბრა.
მაკრონმა განმარტა, თუ პოლიტიკურად როგორ ურთიერთობდა პუტინთან წლების განმავლობაში, როგორ გადავიდა რუსეთის პრეზიდენტისადმი პირადი მოწოდებებიდან უფრო მკაცრ განცხადებებზე - უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნის შესაძლებლობამდე.
მაკრონმა თქვა, რომ ამ პერიოდებს შორის ორწლიანი ინტერვალია. თავიდან ის 2017-2022 წლებში, ხშირად უკავშირდებოდა პუტინს. იყო შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში: საფრანგეთში, რუსეთში ვიზიტის დროს, საერთაშორისო ასპარეზზე. მისი განცხადებით, შეხვედრების მთავარი მიზანი უკრაინაში მშვიდობა და მინსკის შეთანხმებების დაცვა იყო.
ამ კონტექსტში მან გაიხსენა ზელენსკისა და პუტინის ერთადერთი შეხვედრა, რომელიც ნორმანდიის ფორმატში პარიზში, 2019 წელს შედგა.
„აქ, ამ კედლებში, ეს იყო შესაძლებლობა, როდესაც პუტინი და ზელენსკი ერთადერთხელ შეხვდნენ. ეს იყო 2019 წლის დეკემბერში, ჩვენ ვზრუნავდით ევროპის უსაფრთხოებაზე. გვინდოდა ამ დისკუსიებით პუტინის ჩართვა ევროპის უსაფრთხოების შესახებ დიალოგში. მაგრამ შემდეგ ახალი ეტაპი დადგა“, - აღნიშნა მაკრონმა.
საფრანგეთის ლიდერმა განმარტა, რომ ვიდრე შესაძლებლობას ხედავდა, ცდილობდა პუტინთან დალაპარაკებას, მაგრამ ამ უკანასკნელმა ყველა ვალდებულება დაარღვია, პირად დონეზეც კი.
„რამდენადაც შესაძლებელი იყო, ვაგრძელებდი მასთან საუბარს, მაგრამ ომის დანაშაულის შემდეგ, ბუჩის შემდეგ, ომი სხვა ფაზაში გადავიდა. ვფიქრობდი, როგორი შეიძლება იყოს ახლა ჩვენი სტრატეგიული პოზიცია.. ამაზე ძალიან დიდხანს ვფიქრობდი და მივედი დასკვნამდე, რომ დღეს სიტუაცია უფრო რთულია, ვიდრე ოდესმე“, - განმარტა მაკრონმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია იმით, რასაც აკეთებს უკრაინელი ხალხი, მაგრამ ახლა ფრონტზე ორივე მხრიდან ძალიან დიდი დანაკარგია. ამავდროულად, რუსეთმა შეძლო ამ ომისთვის ორგანიზება და ეკონომიკის აღდგენა გრძელვადიან პერსპექტივაში, მაშინ როცა 2024 წელს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გაურკვევლობაა.
„აქედან გამომდინარე, ჩვენ არა მხოლოდ უნდა განვსაზღვროთ, როგორ წავიდეთ მშვიდობისკენ, არამედ ისიც, როგორი იქნება ეს რეალური სამყარო. სამყარო, რომელიც უზრუნველყოფს როგორც თქვენს, ისე ევროპის უსაფრთხოებას. ამიტომ გვჭირდება ეს ახალი იმპულსი ევროპის ქვეყნების დონეზე, რათა დახმარება დაჩქარდეს,რათა სხვაგვარად მოვიქცეთ. თუ მტერი ამბობს: „ჩვენ არ გვაქვს ლიმიტი“, მაშინ ჩვენ რატომ უნდა ვთქვათ, რომ გვაქვს ეს ლიმიტი? ჩვენ გვაქვს მიზანი - რუსეთმა არ და ვერ უნდა მოიგოს ეს ომი. ამიტომ გავაგრძელებთ უკრაინის გვერდით დგომას. ევროპაში მშვიდობა არ იქნება, თუ უკრაინა იძულებული გახდება დანებდეს“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.