პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მოუწოდა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს, რომ საბოლოოდ გადადგას ნაბიჯი უკრაინისთვის დახმარების კანონპროექტის დასამტკიცებლად და ურჩია, ნახოს ოდესაზე რუსეთის დარტყმის შედეგები. ტუსკმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.
„შეხედეთ ოდესას, სპიკერო ჯონსონ, კიდევ რამდენი არგუმენტი გჭირდებათ, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ?“ - წერს ტუსკი.
ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ჯონსონი ფაქტობრივად დათანხმდა უკრაინის დახმარების შესახებ გადაწყვეტილების განბლოკვას, მაგრამ მნიშვნელოვანი ცვლილებებით - ისე, რომ ეს იქნებოდა წარმომადგენელთა პალატის პროექტი და დახმარება კრედიტის ან ლენდ-ლიზის სახით.
მან ასევე განაცხადა, რომ უკრაინისა და ისრაელისთვის დახმარება კვლავ ცალკე პროექტებად იქნება გაყოფილი.
15 მარტს, ოდესაზე რუსეთის ძალების სარაკეტო დარტყმის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა.