რუსეთის მიერ მარიუპოლის თეატრის დაბომბვიდან ორი წელი გავიდა.
2022 წლის 16 მარტს რუსეთის არმიამ უკრაინული ქალაქის თეატრი დაბომბა, სადაც რუსულ ჭურვებს თავს ბავშვები აფარებდნენ.
დღეს თბილისში მცხოვრები უკრაინელები სიმბოლურად ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან შეიკრიბნენ და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
„ორი წელია, რაც მარიუპოლის თეატრი იყო დაბომბილი რუსეთის რაკეტების, რუსეთის ფედერაციის მიერ და დღეს გვინდა იმ ბავშვების პატივსაცემად ეს დღე აღვნიშნოთ, რათა გვახსოვდეს, რომ რუსეთი არის ტერორისტული ქვეყანა, რომ ის კლავს ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მოქალაქეებს და რუსეთი არის აგრესორი", - ამბობს აქციის მონაწილე.
2022 წლის 16 მარტს რუსეთის საოკუპაციო არმიამ თეატრში მძლავრი ბომბი ჩამოაგდო, სადაც თავს ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა. მარიუპოლის საქალაქო ადმინისტრაციამ მაშინ განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტების დაბომბვის შედეგად 300-მდე ადამიანი დაიღუპა. მარიუპოლში დრამატულ თეატრზე რუსეთის ძალების თავდასხმას გაცილებით მეტი მსხვერპლი მოჰყვა, ვიდრე ვარაუდობდნენ. Associated Press-ის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების დაბომბვას 600 ადამიანი ემსხვერპლა. გადარჩენილების შეფასებით, დაბომბვის დროს შენობაში 1000-მდე ადამიანი იმყოფებდა, მაგრამ არავის უნახავს 200-ზე მეტი გადარჩენილი.
ამ დრომდე უცნობია, ზუსტად რამდენი ადამიანი დაიღუპა თეატრის დაბომბვის შედეგად. უკრაინას გამოძიება ომის დანაშაულის ფაქტზე აქვს დაწყებული.