იმისთვის, რომ რუსეთს მოვთხოვოთ პასუხი მის მიერ ჩადენილ ძალადობაზე და ოკუპაციაზე, რასაც მივაღწიეთ საერთაშორისო სასამართლოებში, კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადავდგათ და მართლა ბოლომდე გამოვიძიოთ [სააკაშვილის საქმე], - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მან სალომე ზურაბიშვილის სიტყვები გაიხსენა, რომელიც აღნიშნავდა, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებული დანაშაულების გამო არ გასამართლდება, „საქართველო სააკაშვილის დანაშაულისგან ვერ გათავისუფლდება და რუსეთს ვერ მოსთხოვს პასუხს ჩადენილ ძალადობაზე და ოკუპაციაზე“.
„მე მეეჭვება, რომ დღეს ასე ფიქრობს. დღეს ზუსტად ვისზეც ამბობს, რომ ისინი არიან ომის გამჩაღებლები და გეგმურად ჩააბარეს საქართველოს ტერიტორიები, ზუსტად მათ ლიდერად გვევლინება. დიდი ეჭვია, რომ შეიძლება შეიწყალოს კიდევაც სააკაშვილი. ვნახოთ, რა მოხდება“, - განაცხადა სუბარმა.
მან ასევე კითხვა დაუსვეს, „ხალხის ძალის“ რიტორიკა ხელს ხომ არ შეუშლის დეოკუპაციის პროცესს.
„შეუძლებელია სამართლიანობის აღდგენა და სიმართლის დადგენა იყოს ხელისშემშლელი რაიმე სამართლიანი შედეგის მიღწევისთვის. როცა ამბობენ, რომ ეს არის ხელის შემშლელი, იქნებ ისიც თქვან, რატომ არის ხელის შემშლელი? თუ ეს ასეა დღეს, როცა საერთაშორისო სასამართლოები მოვიგეთ, ომის დამთავრებიდან 2 თვეში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ხუთმა წევრმა ხელი მოაწერა სტრასბურგის რეზოლუციას, სადაც თქვეს, რომ საქართველომ დაიწყო ომი, რომ ქართველმა ჯარისკაცებმა დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, ის როგორ არ იყო ხელის შემშლელი?“, - აღნიშნა სუბარმა.