სულ არ მაინტერესებს, უგულავა რას ლაპარაკობს, რა შუაშია სააკაშვილის ციხეში ჯდომა და არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა გიგი უგულავას განაცხადების კომენტირებისას თქვა.
„სააკაშვილი ციხეში ზის აბსოლუტურად სამართლიანად. სააკაშვილი უნდა მჯდარიყო ციხეში იმის გამო, რაც მან ჩაიდინა. დღისით, მზისით გაიტაცა პარლამენტის მოქმედი დეპუტატი და ცემისგან კინაღამ რომ მოკლეს, ამის გამო პასუხი არ უნდა ეგო? საზღვარზე რომ კამო პეტროსიანივით შემოიპარა არაჟნებითა და მაწვნებით, მე, რომ ახლა რომელიმე ქვეყანაში შევიპარო, არ დამიჭერენ? ამის გამი პასუხი არ უნდა ვაგო? ან საქართველოში რომ შემოვიპარო? ვიღაცისთვის კანონის დარღვევა დასაშვებია და ვიღაცისთვის არა? გირგვლიანის ამბავთან დაკავშირებით სააკაშვილს პასუხი არ უნდა ეგო? შესაბამისად, აბსოლუტურად სამართლიანად ზის, ციხეშიც კი არ ზის. სულ არ მაინტერესებს, უგულავა რას ლაპარაკობს. რა შუაშია სააკაშვილის ციხეში ჯდომა და არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია. არჩევნები თუ წესიერად ჩატარდება, იქნება ლეგიტიმური, წესიერად თუ არ ჩატარდება, არ იქნება ლეგიტიმური. სააკაშვილი რა შუაშია, ან გიგი უგულავა და ვიღაც რა შუაშია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
გიგი უგულავამ განაცხადა: „სააკაშვილის ციხეში ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ ამას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? არჩევნები ვერ იქნება სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტი მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი“.