2008 წლის ომი რომ, სულ მცირე, მაშინდელი ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება, თუმცა არ ვიცი, გამოძიება რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ხალხის ძალის” განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური დამნაშავეა იმ უბედურებებისთვის, რაც საქართველოში მათი ხელისუფლების დროს ტრიალებდა, 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით.
„2008 წლის აგვისტოს ომზე თავად „ნაციონალური მოძრაობ“ საუბრობს – ის არის მონაწილე იმ რეზოლუციის, რომლის შემუშავებაშიც მონაწილეობა მიიღეს და მხარი დაუჭირეს, სადაც ისინი ქართულ ჯარზე ამბობდნენ, რომ საომარი მოქმედებები სწორედ ქართველმა ჯარისკაცებმა დაიწყეს. წლებია, ჩვენ ვცდილობდით, ამ საკითხისგან თავი აგვერიდებინა, მათ შორის ჰააგასა და სტრასბურგში სასამართლო პროცესების გამო. ყველა ეს პროცესი საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა ეს საქმეები იმდენად სუსტად ყოფილიყო მომზადებული, რომ საქართველოს წაეგო. ჩვენმა ხელისუფლებამ ეს ყველაფერი შემოატრიალა და პროცესები მოვიგეთ.
2008 წლის ომი რომ, სულ მცირე, ხელისუფლების პოლიტიკური დანაშაულია, მგონი, ამას დიდი საუბარი არ სჭირდება. საჭიროა თუ არა გამოძიება და ა.შ. ეს არ ვიცი, რამდენად რელევანტურია ამ მომენტისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი პოლიტიკური დამნაშავეები არიან იმ უბედურებებზე, რაც საქართველოში მათი ხელისუფლების დროს ტრიალებდა, მათ შორის 2008 წლის აგვისტოს ომის ჩათვლით“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
„ხალხის ძალამ“ განაცხადა: „გლობალური ომის პარტია სალომე ზურაბიშვილს სააკაშვილს თუ შეაწყალებინებს, არჩევნებს აღარ დაელოდებიან და აგვისტოს ომთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ახლავე მოითხოვენ“.