თურქეთის პრეზიდენტმა რეჯერ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აუცილებელია თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი ნაბიჯი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ომის ესკალაცია უკრაინაში და შესაძლო კონფლიქტის გავრცელება ნატო-ს ქვეყნებში.
ამის შესახებ ერდოღანმა უცხო ქვეყნების ელჩებთან შეხვედრაზე განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ანკარა გააგრძელებს მუშაობას შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების განახლებაზე, რომელსაც თურქეთმა გაერო-სთან ერთად კიევსა და მოსკოვს შორის მიაღწია.
„ვუჭერთ რა მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ სამშვიდობო გეგმები, რომლებიც გამორიცხავს რუსეთს, არანაირ შედეგს არ მოიტანს“, - განაცხადა ერდოღანმა და ამით, მან შვეიცარიაში წელს დაგეგმილი გლობალური „სამშვიდობო სამიტი“ იგულისხმა.
ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ანკარას აზრით, „თავიდან უნდა იქნას აცილებული რეგიონში კონფლიქტების გამწვავება, რომლებიც შესაძლოა, გავრცელდეს ნატო-ს ქვეყნებზეც, თუმცა არ დაუკონკრეტებია რას გულისხმობდა.
გასულ კვირას, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, ანკარაში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, კვლავ შესთავაზა თურქეთი, როგორც კიევსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პლატფორმა. ასევე განაცხადა, რომ მათ შორის "სამშვიდობის სამიტზე" აუცილებელია რუსეთის მონაწილეობა. ამასთან დაკავსირებით, ზელენსკიმ განაცხადა: „ჩვენ ვერ ვხედავთ, რუსეთის წარმომადგენლებს ამ სამიტზე, ჩვენ ვერ ვხედავთ, რა მიზნით შეიძლება მოიწვიონ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ბლოკავენ, ანგრევენ და კლავენ. ჩვენ გვინდა მივიღოთ შედეგი: სამართლიანი მშვიდობა. უკრაინისთვის სამართლიანი“.