გაუგებარია, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კეთილსინდისიერების რაიმე ტესტის გავლას. როგორც ჩანს, ძალიან ეშინიათ საკუთარი სინდისის სისუფთავის, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
„კეთილსინდისიერების შეფასების, მათ შორის, კორუფციული შემთხვევების დადგენის ერთ-ერთი მეთოდია „ვეტინგის“ სისტემა. ის საგამონაკლისო და არასტანდარტული პროცესია, რომელიც ჩვენი ტიპის რამდენიმე ქვეყანამ გამოიყენა მართლმსაჯულების სისტემაში. ალბანეთის პარლამენტში შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც მიიღო კონსტიტუციური ცვლილებები და დაიწყო „ვეტინგის“ პროცედურა. ალბანეთში „ვეტინგი“ სამ ძირითად კომპონენტს მოიცავს. ესენია: 1. შესამოწმებელი პირის და მასთან დაკავშირებული ახლო პირების ქონების წარმომავლობის კანონიერება, ფინანსური ვალდებულებების და მათგან მომდინარე კერძო ინტერესების შეფასება; 2. პროფესიული უნარების, ეთიკის, ცოდნის შეფასება; 3. ორგანიზებულ დანაშაულში ჩართულ პირებთან კავშირის დადგენა. საინტერესოა, რომ ალბანეთში „ვეტინგისთვის“ თავის ასარიდებლად პროცედურას დაქვემდებარებულმა პირებმა მალევე დაიწყეს თანამდებობის საკუთარი ნებით დატოვება; 554 მოსამართლე/პროკურორიდან 64% გათავისუფლდა, უფლებამოსილება შეუჩერდა ან საკუთარი ნებით გადადგა.
„ვეტინგთან“ დაკავშირებით არსებული დისკუსიის დონეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმების მოთხოვნა არის „დაინტერესებული პირების მანიპულაციური, მოჩვენებითი ზრუნვა მართლმსაჯულების სისტემაზე“. განცხადების ავტორებს ყურადღებიდან რჩებათ ის ფაქტი, რომ „ვეტინგის“ მოთხოვნას, პირველ რიგში, ევროკომისია აჟღერებს და ამაზე ასევე საუბარია ვენეციის კომისიის ბოლო რეკომენდაციებში.
განცხადების ავტორები ცდილობენ, ეს მექანიზმი მთლიანად სასამართლო კორპუსისთვის საფრთხის შემცველად წარმოაჩინონ, მაშინ როცა ის მხოლოდ პრივილეგირებულ მოსამართლეებს მიემართებათ. ყოვლად მიუღებელია უზენაესი სასამართლოს სახელით ამგვარი გადაწყვეტილების გავრცელება. არცერთ მოსამართლეს და მოსამართლეთა ჯგუფს არ აქვს უფლება, უზენაესი სასამართლოს სახელით მსგავსი განცხადება გაავრცელოს. სადავო რომ არ იყოს მათი კეთილსინდისიერება, გაუგებარია, რატომ უნდა ეწინააღმდეგებოდნენ თავად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები კეთილსინდისიერების რაიმე ტესტის გავლას, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან ეშინიათ საკუთარი სინდისის სისუფთავის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
უზენაესმა სასამართლომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია: „ე.წ. ვეტინგი ლახავს სასამართლოსა თუ ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობას, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას მართლმსაჯულების სისტემისადმი“.