თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მზად არის თურქეთი კვლავ იყოს გამოყენებული უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პლატფორმად.
ამის შესახებ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ერდოღანმა თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან საუბრისას მან გულწრფელად გაუზიარა მოსაზრებები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მდგრადი მშვიდობის დამყარებას.
ერდოღანმა განაცხადა, რომ ომს „მზარდი ნეგატიური გავლენა აქვს“ და გამოხატა მწუხარება, რომ არ იქნა გამოყენებული მოლაპარაკებების პლატფორმის პოტენციალი, რომელიც თურქეთმა შექმნა 2022 წლის მარტში.
"თავიდანვე ჩვენ შევიტანეთ და შევიტანთ წვლილს, ომის მოლაპარაკებების გზით დასრულებაში. მზად ვართ სამშვიდობო სამიტის მასპინძლობაში, რომელშიც რუსეთიც ჩაერთვება", - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
თურქეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დღეს მან და ზელენსკიმ აზრები გაცვალეს შავი ზღვის სტაბილურობის შესახებ, კერძოდ, დერეფნებისა და ნავიგაციის უსაფრთხოების შესახებ. მისი თქმით, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივამ შესაძლებელი გახადა 33 მილიონი ტონა მარცვლეულის მიწოდება იმ ქვეყნებში, რომლებსაც სურსათი ესაჭიროებათ.
„თუკი მხარეებს შორის ახალი შეთანხმებების უზრუნველსაყოფად იქნება მზადყოფნა, ჩვენ, როგორც ადრე, ყველა შესაძლო მხარდაჭერას გავუწევთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ერდოღანმა.
მან დასძინა, რომ უკრაინისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მომავალში ეკონომიკურად მყარად დადგეს ფეხზე და მდგრადი მშვიდობა დამყარდეს.
„მომავალ პერიოდში, ერთის მხრივ, ჩვენ ვიქნებით სოლიდარულები უკრაინასთან, ხოლო მეორე მხრივ, გავაგრძელებთ მუშაობას, რათა დავასრულოთ ომი სამართლიანი მშვიდობით, მოლაპარაკების საფუძველზე“, - განაცხადა ერდოღანმა.