საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ქართული ოცნება“ არჩევნებზე 60 პროცენტს და შესაძლოა, მეტსაც აიღებს.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები, რამდენადაც არ უნდა დაიყონ ისინი, დარჩენილ 20 პროცენტზე მუშაობენ.
„ეს ხელმოცარულები იმდენი გახდნენ, ისე გამრავლდნენ, რომ ზოგს ნომერი აქვს და პარტიის სახელი არ აქვს. მელიას ჩართვა ჰქონდა „ტიკ-ტოკზე“ და 4 ნომერი აუღია. ნეტავ, მაჭუტაძემ თუ იცის ეს? მისი ნომერი იყო. ასევე, გვარამია – სახელი აქვს და ნომერი არ აქვს. საგიჟეთი აქვთ ერთმანეთში. ესენი ახლა ცდილობენ, ქართულ საზოგადოებას რაღაც სიახლეები და ახალი სახეები შესთავაზონ.
ჩვეულებრივი „ნაცები“ და ნეონაცები არიან. რა უნდა მოხდეს? არაფერი. მათი ყველას სახელია მწვალებლები. რამდენად დაიყოფიან, როგორ შეერთდებიან, ვინ ვისთან და როგორ გავა კავშირზე, ნაკლებად საინტერესოა. ისინი მუშაობენ იმ 20 პროცენტზე, რომელიც არის დარჩენილი, ხოლო დანარჩენი 60 პროცენტი არის მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“. შეიძლება, მეტიც გახდეს, როდესაც საარჩევნო კამპანიას დავიწყებთ. მიუხედავად გამოწვევებისა, საზოგადოებამ მაინც იცის, რომ ვიდრე „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, იქნება მშვიდობა, დაცული იქნება ადამიანის უფლებები, აქცენტი იქნება ეკონომიკურ განვითარებასა და ევროინტეგრაციაზე“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.