გერმანია მხარს უჭერს ჩეხეთის ინიციატივას, შეიძინოს უკრაინისთვის საბრძოლო მასალა. ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებეშტრაიტმა განაცხადა.
მან დადებითად შეაფასა ჩეხეთის ინიციატივა, რომელიც შექმნილია უკრაინის არმიაში საარტილერიო ჭურვების დეფიციტის პრობლემის გადასაჭრელად.
"ეს ინიციატივა საშუალებას მოგვცემს შევიძინოთ საბრძოლო მასალა ევროპის ფარგლებს გარეთ. ჩვენ გამოვყოფთ ამისთვის სამნიშნა მილიონ თანხას", - განაცხადა ჰებეშტრაიტმა. მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა თანხაზეა საუბარი. მან ასევე არ თქვა, სად შეიძლება უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენა.
ჰებეშტრაიტის თქმით, ჩეხეთის ინიციატივამ შესაძლებელი გახადა საზღვარგარეთ ჭურვების შესყიდვის ბლოკადის გარღვევა.
ჩეხეთის მთავრობამ ინიციატივის შესახებ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა. თებერვლის შუა რიცხვებში მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩეხეთის პრეზიდენტმა პეტრ პაველმა მოუწოდა გამოიჩინონ „იგივე გამჭრიახობა, რასაც უკრაინელი ჯარისკაცები ავლენენ ფრონტზე“ და ერთობლივად შეიძინონ საბრძოლო მასალა და აღჭურვილობა უკრაინისთვის მთელ მსოფლიოში.
პეტრ პაველმა მაშინ განაცხადა, რომ ჩეხეთმა ნატო-ს სხვა ქვეყნებთან ერთად, მათ შორის დანიასა და კანადასთან ერთად, მოიძია ნახევარი მილიონი 155 მმ-იანი ჭურვი და 300 ათასი 122 მმ-იანი ჭურვი, რომელთა მიწოდება უკრაინისთვის შესაძლებელია რამდენიმე კვირაში, როგორც კი ამ საბრძოლო მასალის შესაძენად საკმარისი თანხა შეგროვდება.