პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა სიტყვით გამოსვლას ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეს სულმდაბალი უწოდა.
„ერთ წუთს დავუთმობ იმ შეურაცხყოფას, რომელიც რომან გოცირიძემ გუშინ მომაყენა ამ ტრიბუნიდან. რამის თქმა თუ გინდა, კოლეგას პირში უნდა უთხრა და მეც ამ შემთხვევით ვსარგებლობ, ბატონო რომან, თქვენ აქ „განისვენებთ“ თქვენს სავარძელში. თქვენგან განსხვავებით, მე ემოციური ადამიანი ვარ, არც ჩემს ემოციებს ვთაკილობ და, ვფიქრობ, ეს ემოციები ახლოს მოსატანი არ არის იმ ემოციებთან, რაც თქვენი ხელისუფლების ხელიდან სასიკვდილოდ განწირულმა ადამიანებმა გადაიტანეს. ეტყობა, მაშინ თქვენ სიამოვნებით იფშვნეტდით ხელებს. ხალხს ქუჩაში როცა ხოცავდნენ, არბევდნენ, იჭერდნენ, მამაკაცებს აუპატიურებდნენ, თქვენ მდუმარე მოწმე იყავით ამ საშინელებებისა და საზარელი მოვლენებისა. შემდეგ თქვენმა ბელადმა გიწოდათ „კლონი“. თქვენ ყოველთვის მისი „კლონი“ იყავით. მიუხედავად იმისა, რომ ასაკობრივი სხვაობა დიდია, მაინც „კლონი“ ხართ და „კლონად“ დარჩებით მთელი ცხოვრება, მიხეილ სააკაშვილის ლანდად. მის მემორიალურ მუზეუმშიც ვერანაირად დაიდებთ ბინას. წარმოიდგინეთ, მისი სპორტული ფეხსაცმლის გვერდზეც არ გაქვთ შანსი, რომ როდისმე განისვენოს თქვენმა სულმა, ბობოქარმა. კიდევ ერთხელ გეუბნებით, არ ვერიდები არცერთ მომენტს, ნაბიჯს ჩემ მიერ გადადგმულს, ბუნებრივია, ეს მე შეურაცხყოფას ვერ მომაყენებს, თქვენ კი, ძვირფასო კოლეგავ, კარგად წარმოგაჩენთ, როგორი სულმდაბალი ადამიანი ყოფილხართ. ასევე, როგორი ცრუ, ყალბი ყოფილხართ, სწორედ ისე, იმ ზომით და იმ ხარისხით, როგორიც თავის დროზე კუპონები ბეჭდეთ, შეასაღეთ უბედურ ქართველ ხალხს, დაღუპეთ, გააცამტვერეთ, გააჩანაგეთ. თქვენ მაგ რეფორმითაც ამაყობთ, ახლაც ისევე იღიმით, როგორც აქ იღიმოდნენ თქვენი მეგობრები, ძმაკაცები და დაქალები 2012 წელს, როცა ამ ტრიბუნიდან გამოვდიოდი, მაშინაც იღიმოდნენ აქ ქალბატონი კალმახელიძე, ბატონი ახალაია და სხვები. თქვენ ხომ იქიდან შორს არ ხართ წასული. ეს არის თქვენი პატარა კაცობაც, თქვენი ე.წ. კოლეგიალობაც და საქართველოს ისტორიაში დარჩებით იმად, რაც ხართ, რასაც წარმოადგენთ“, – განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
რომან გოცირიძემ გუშინ, სესიის დროს, გია ცაგარეიშვილს "მტირალა გაიშნიკი“ უწოდა და ავტოსაგზაო ინსპექციაში მუშაობის პერიოდი გაახსენა, რომელიც იმ დროს ყველაზე კორუმპირებული სისტემა იყო.