ზურაბ ადეიშვილი რომ ბუნდესტაგში მიიწვიეს, ეს ქართული სასამართლოს შეცდომაა, რადგან არავის აინტერესებს, საქართველოს სასამართლომ ვის რა მიუსაჯა, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ყოფნასთან დაკავშირებით განუცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, „ყველას ესმის, ეს რა სასამართლოა“ და აღნიშნა, რომ არავინ არჩევს, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით ადამიანი მართლა დამნაშავეა თუ არა.
„აბა, ეს ინგლისის ან ამერიკის სასამართლო ყოფილიყო, ადეიშვილს თუ მიიწვევდნენ, მაგრამ როცა ასეთი სასამართლო გაქვს და კაციშვილმა არ იცის, ამ სასამართლოს მიერ გასამართლებული პირი მართლა დამნაშავეა თუ არა, არავის აზრად არ მოუვა, ამ გადაწყვეტილებების განაჩენები ამოწმოს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ცნობისათვის, საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი უკრაინის გენერალურ პროკურორთან, ანდრეი კოსტინთან ერთად ბუნდესტაგის პლენარულ სხდომას ესწრებოდა.