დღეს დიდ ბრიტანეთში არის მდგომარეობა, როდესაც პრემიერ-მინისტრს საუბარი უწევს, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დიდ ბრიტანეთში ასეთი მდგომარეობაა. ყველაფერი, ჩვენი გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ ნელ-ნელა, სხვადასხვა დაფინანსებით და მანქანებით გადმოედინება ეს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მომზადდეს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს“.
„საეჭვო სიჩუმეა ოპოზიციის მხარეს. ფაქტია, ამ საკითხს ან არიდებენ თავს, ან უნდათ, სულ უფრო გააუბრალოონ ეს საკითხი. თუმცა, სინამდვილეში საქმე სულაც არ არის სახუმაროდ და სერიოზულ საკითხთან გვაქვს საქმე. ვერავინ წარმოიდგენდა ხუთი-ათი წლის წინ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს მოუწევდა იმის თქმა და მტკიცება, რომ ქალი ქალია და კაცი – კაცი. რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, დღეს დიდ ბრიტანეთში არის ასეთი მდგომარეობა, რომ პრემიერ-მინისტრს ამაზე საუბარი უწევს. ეს ყველაფერი, ჩვენი გამოცდილებაც გვაჩვენებს, რომ მერე ნელ-ნელა, სხვადასხვა დაფინანსებით და მანქანებით გადმოედინება საქართველოში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.