უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის არასდროს უთხოვია დასავლეთის ჯარების გაგზავნა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
"პრეზიდენტი ზელენსკი ამას არ ითხოვს, ის უბრალოდ ითხოვს ინსტრუმენტებსა და შესაძლებლობებს. მას არასოდეს მოუთხოვია უცხოური ჯარები თავის ქვეყნაში საბრძოლველად", - თქვა კირბიმ.
მანამდე კირბიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაგზავნის თავის ჯარისკაცებს უკრაინაში საბრძოლველად.
თებერვლის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში მოკავშირეთა არაფორმალური სამიტის შემდეგ განაცხადა. რომ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, მოგვიანებით, მაკრონმა თქვა, რომ მისი ყველა განცხადება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ, ასევე დასავლეთის ქვეყნების ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, საგულდაგულოდ იყო აწონილ-დაწონილი და გააზრებული.