საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ მისი ყველა განცხადება უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის შესახებ, ასევე დასავლეთის ქვეყნების ჯარების გაგზავნასთან დაკავშირებით, საგულდაგულოდ იყო გააზრებული.
საფრანგეთის პრეზიდენტს სთხოვეს კომენტრი პარიზში მოკავშირეთა არაფორმალური სამიტის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაზე, როდესაც თქვა, რომ უკრაინაში დასავლეთის ქვეყნების ჯარების გაგზავნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.
"ეს საკმაოდ სერიოზული საკითხებია. ყოველი სიტყვა, როდესაც ამ საკითხზე ვსაუბრობ, არის აწონილ-დაწონილი, გააზრებული და ნაფიქრი, - განუცხადა მაკრონმა ჟურნალისტებს. მას ამ თემაზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებია.
მაკრონის სიტყვებმა უარყოფითი რეაქცია გამოიწვია მოკავშირე ქვეყნების მთავრობებს შორის, რომელთა ლიდერებმა სასწრაფოდ გააკეთეს განცხადებები,რომ ისინი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ აპირებენ.
თუმცა, იმ დროს, როცა ნატო-ს ქვეყნების უმეტესობამ გამორიცხა ჯარების გაგზავნა უკრაინაში, მათ შორის მთავარმა მოთამაშეებმა გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა, რომ იგი მადლიერია იმ დებატებისთვის, რომელიც მაკრონმა წამოიწყო.