ვწერ განცხადებას და მივდივარ, - ამის შესახებ აჭარის კულტურის მინისტრის მოადგილე თამარ გუდავა, რომლის 20 წლის შვილიც დღეს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს, სოციალურ ქსელში წერს.
“ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდება ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად მკაცრად პასუხს აგებს კანონის წინაშე!
ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან,“ - წერს თამარ გუდავა.
პროკურატურის ინფორმაციით, სამტრედიაში, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მასთან ერთად მყოფ პირს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტზე კი, ბრალდება წარედგინა.