საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში უკრაინაში საფრანგეთის ჯარების გაგზავნა არ მოხდება.
ამის შესახებ მაკრონმა ჩეხურ მედიასთან ისაუბრა.
მაკრონმა გაიხსენა, რომ მან ჯარების გაგზავნაზე ილაპარაკა პარიზში ოცზე მეტი სახელმწიფოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს კითხვის საპასუხოდ და აღნიშნა, რომ "არაფერია გამორიცხული".
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ განვიხილავთ საფრანგეთის ჯარების გაგზავნას უკრაინაში უახლოეს მომავალში, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწყებთ დისკუსიას და ვფიქრობთ ყველაფერზე, რაც შეიძლება გაკეთდეს უკრაინის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით უკრაინის ტერიტორიაზე“, - თქვა მან.
საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ ხუთ მიმართულებაზე, სადაც მათ სურთ მეტი გააკეთონ, ეს არის კიბერთავდაცვა, სამხედრო ტექნიკის ერთობლივი წარმოება უკრაინაში, იმ ქვეყნების უსაფრთხოება, რომლებსაც უშუალოდ ემუქრება რუსეთის შეტევა უკრაინაში, კერძოდ, მოლდოვა, ბელარუსის საზღვარზე უკრაინის მხარდაჭერის შესაძლებლობა და განაღმვითი ოპერაციები.
„გარდა ამისა, მე ყოველთვის მკაფიოდ განვსაზღვრავდი ჩვენს ჩარჩოებს: ჩვენ არ ვიბრძვით რუსი ხალხის წინააღმდეგ და უარს ვამბობთ ესკალაციაზე“, - აღნიშნა მაკრონმა.
შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.