რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების შემდეგ, 40-ზე მეტმა ქვეყანამ მოითხოვა ტრაგედიის გარემოებების დამოუკიდებელი გამოძიება.
ევროკავშირის წარმომადგენელმა საერთაშორისო ორგანიზაციებში ლოტე კნუდსენმა განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს დამოუკიდებელი და გამჭვირვალე საერთაშორისო გამოძიების შესაძლებლობა მისი მოულოდნელი გარდაცვალების შესახებ.
გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოში გამოსვლისას მან ნავალნის სიკვდილზე მთავარი პასუხისმგებლობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დააკისრა.
"ჩვენ აღშფოთებულები ვართ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო, რაზეც მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ პუტინს და რუსეთის ხელისუფლებას", - თქვა კნუდსენმა 43 სახელმწიფოს, მათ შორის ევროკავშირის, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და უკრაინის, ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, კანადისა და ნორვეგიის სახელით სიტყვით გამოსვლისას.
დიპლომატის თქმით, „ნავალნის მოულოდნელი და შოკისმომგვრელი სიკვდილი რუსეთში მზარდი და სისტემატური რეპრესიების კიდევ ერთი ნიშანია“. მან ღრმა შეშფოთება გამოხატა რუსეთში სამოქალაქო საზოგადოების ხმის ჩახშობის, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიების გამო.