ოდესაში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა მრავალსართულიანი კორპუსის ნანგრევების ქვეშ, კიდევ ერთი ბავშვის - 10 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.
ამის შესახებ ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ კიპერი იუწყება.
„მაშველებმა ნანგრევების ქვეშ რუსული თავდასხმის შედეგად დაღუპული ბიჭი ახლახან იპოვეს. სერგეი 10 წლის იყო“, - წერს კიპერიTelegram-ში.
მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის 3 ბავშვის.
2 მარტს, გამთენიისას, რუსეთმა 8 დრონი ოდესის ოლქისკენ შავი ზღვის აკვატორიიდან გაგზავნა. ოფიციალური ინფორმაციით, ერთი საათის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო სისტემამ 7 დრონი ჩამოაგდო, ხოლო ერთი 9-სართულიან სახლს დაეჯახა.