აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ტექსასში ერთდროულად ჩავიდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოინახულეს აშშ-მექსიკის საზღვარი რიო გრანდეს გასწვრივ და იმსჯელეს იმაზე, თუ ვინ არის დამნაშავე სასაზღვრო კრიზისსა და საიმიგრაციო სისტემის მუშაობის ხარვეზებთან დაკავშირებით.
ტრამპი ეწვია იგლ-პასის სასაზღვრო გადასასვლელს, რომელიც ამჟამად ყველაზე მეტ მიგრანტს იღებს. ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პრაიმერიზის შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, ნოემბრის არჩევნებში ბაიდენის სავარაუდო კონკურენტი გახდება, შეხვდა ტექსასის გუბერნატორს გრეგ ებოტს და ტექსასის ეროვნული გვარდიის წევრებს.
ტრამპმა თქვა, რომ საზღვარზე ჩასული მიგრანტები „კრიმინალები არიან, ზოგი კი ტერორისტი“ და რომ ის, რაც საზღვარზე ხდება „ომის მსგავსია“, რაშიც მან ბაიდენის ადმინისტრაცია დაადანაშაულა.
"ეს ის ხალხია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შემოდის, ისინი მოდიან ციხეებიდან, ისინი მოდიან ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, ისინი არიან ტერორისტები. ეს საშინელებაა", - აღნიშნა აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპმა ასევე ისაუბრა მიგრანტების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე და აღნიშნა, რომ ეს "ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ სასტიკი ძალადობის ახალი ფორმაა".
"ეს არის მიგრანტების დანაშაული. ჩვენ ამას ბაიდენის მიგრანტების დანაშაულს ვუწოდებთ", - დასძინა მან.
ტრამპმა პირობა დადო, რომ აღადგენს მისი პრეზიდენტობის პოლიტიკას, მათ შორის პროგრამას „დარჩი მექსიკაში“, რომელიც მოითხოვს, რომ მიგრანტების უმეტესობა მექსიკაში დაელოდონ თავშესაფრის მოთხოვნის შედეგს.
როგორც ცნობილია, ბაიდენმა, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მაშინვე შეცვალა თავისი წინამორბედის მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკა.