სომხეთმა ევროკავშირთან ურთიერთობები უნდა გააღრმავოს, რათა მომავალში ქვეყანამ შეძლოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება. ამის შესახებ რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა. ალენ სიმონიანმა აღნიშნა, სომხეთი უნდა დაფიქრდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაზე.
შეკითხვაზე, მზად არის თუ არა სომხეთი აიღოს გეზი ევროინტეგრაციის მიმართულებით, მან უპასუხა: „ჩვენ მზად ვართ, აუცილებლად“. სიმონიანის თქმით, ქვეყანა იმ მიმართულებით წავა, რომელიც მის „მაქსიმალურ უსაფრთხოებას“ უზრუნველყოფს.
„დღეს დემოკრატია ... უსაფრთხოების უდიდესი სისტემაა. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი უსაფრთხოება არის ვიყოთ დემოკრატიული ქვეყანა, მჭიდროდ ვითანამშრომლოთ დემოკრატიულ სისტემასთან“, - აღნიშნა სიმონიანმა.
მისივე თქმით, სომხეთის ხელისუფლება ნატო-ში პოტენციურ გაწევრიანებას არ განიხილავს.
თავის მხრივ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა მოუწოდა ევროკავშირს შეიმუშაოს ეტაპობრივი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს სომხეთთან დაახლოებას, მათ შორის რესპუბლიკისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. „გაერთიანების ამოცანაა ადეკვატური პასუხი გასცეს სომხეთისა და მისი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.