"თუ ზურაბიშვილს არ ესმის რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს, მათ შორის, საქართველოში ეკონომიკის განვითარებისთვის, ანუ მოქალაქეთა კეთილდღეობისთვის ჩინეთთან ძალიან აქტიურ თანამშრომლობას, ის არ მგონია რომ კეთილსინდისიერი იყოს კითხვაზე პასუხის თავიდან არიდებისას, იმიტომ რომ რეალურად ყველას, ვისაც მცირედი ინფორმაცია მაინც აქვს იმის თაობაზე როგორია მაგალითად საქართველოს პოტენციალი, შუა დერეფნის იდეის განხორციელების პერსპექტივა, რომელსაც, სხვათა შორის, დასავლეთიც უჭერს მხარს, სხვა პოზიცია ექნება“, - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ Chatham House-ში დისკუსიის დროს ჩინეთთან დაკავშირებით დასმულ კითხვებზე პასუხის შეფასებისას.
მისივე თქმით, ზემოაღნიშნულის ფონზე, როდესაც პრეზიდენტი კითხვებზე პასუხს თავს არიდებს, ეს მაინცდამაინც ლამაზად არ გამოიყურება, ვინაიდან შუა დერეფნის ფუნქციის განხორციელებაში გარკვეული ეკონომიკური პოტენციალი დევს და ამაზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატებიც, ამაზე განცხადება ელჩმაც გააკეთა და ბევრი სხვა შეიძლება დასახელდეს როგორც მტკიცებულება.
„რაც შეეხება იმას, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საკითხს, ვფიქრობ ეს თემაც გაიტკეპნა და ყველასთვის ნათელი და ცხადია, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობას ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით საქართვლოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს იმიტომ, რომ ყველას კარგად ესმის, უბრალოდ შუა დერეფნის ფუნქციის განხორციელება შეუძლებელია, თუ ჩვენ ნორმალურ, კარგ ურთიერთობაში არ ვიქნებით ჩინეთთან, რომელთანაც ზუსტად ამავე მიზეზების გამო ევროკაშირის არაერთი წევრი სახელმწიფო ძალიან აქტიურად თანამშრომლობს, მათ შორის, სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატში“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.