თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის დამოკიდებული იმაზე, სად იქნება სააკაშვილი, ის არ არის ნავალნი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლონდონში, Chatham House-ის - საერთაშორისო საქმეთა სამეფო ინსტიტუტის ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ გამართულ დისკუსიაზე, ერთ-ერთი კითხვის პასუხად განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზეც, რაზე სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ქვეყნის გარეთ შეწყალებაზე არასოდეს საუბრობს და ისიც აღნიშნა, რომ შეწყალება მისი პასუხისმგებლობა და "მასზე არც ქვეყნის გარე და შიდა ზეწოლა გავლენას ვერ ახდენს"
არჩევნების თავისუფლად და სამართლიანად ჩატარება არ არის იმაზე დამოკიდებული სად იქნება სააკაშვილი. ის არ არის ნავალნი. ის ყოფილი პრეზიდენტია, რომლის პრეზიდენტობის დროს ბევრი რამ მოხდა, არ ვიცი ეს როგორ ითქმის. ავტორიტარული რეჟიმი, სადაც პატიმრების მიმართ ძალადობდნენ. თუმცა რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს რომ მის მიმართ არასამართლიან მოპყრობას უნდა ჰქონდეს ადგილი. ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს. რეპუტაციულად, რა თქმა უნდა, ჯობდა სხვაგან ყოფილიყო და არა ციხეში. უკრაინას ჰქონდა ინიციატივა ექსტრადაციის შესახებ და მზად იყო. მე არასდროს ვსაუბრობ ქვეყნის გარეთ შეწყალებაზე. შეწყალებაზე ბევრი საუბრობს და ელოდება. და როცა იწყებ ახსნას, ეს არასამართლიანია სხვების მიმართ. ეს ჩემი უფლებაა და ჩემი პასუხისმგებლობა და მასზე არც ქვეყნის გარე და შიდა ზეწოლა გავლენას ვერ ახდენს" - განაცხადა ზურაბიშვილმა.