მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესიაში არქეოლოგიური ექსპედიცია ჩატარდა. როგორც ექსპედიციის წევრმა გურამ მირცხულავამ "ჯი-ეიჩ-ენს" აცნობა, მოღნისის წმინდა გიორგის ეკლესიის წარმომავლობა დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი, მაგრამ 2010 წელს ჩატარებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაამტკიცა ამ ეკლესიის ქართული წარმომავლობა.
მოღნისის წმინდა გიროგის ეკლესია მდებარეობს მტკვრის მარცხენა მხარეს, თბილისის ძველ უბანში, ლადო ასათიანისა (ყოფილი ენგელსის) და ახოსპირელის ქუჩების გადაკვეთაზე.
თავდაპირველად ეკლესია 1293-1311 წწ. შუალედში ააგო დემეტრე თავდადებულის ძემ, დავით VIII-მ, რომელმაც იმხანად საქართველოს დაქვემდებარებაში მყოფ სომხეთის ოლქ კარბში მდებარე ჰოვჰანავანქის მონასტრიდან გადმოასვენა წმინდა გიორგის ნეშთის ნაწილი. ამისათვის საგანგებოდ ააგო ეკლესია, სადაც წმინდა გიორგის ნაწილები დაასვენა. მოგვიანებით, ოსმალთა მოძალების შედეგად, წმ. გიორგის ნეშთის დარჩენილი ნაწილი ჰოვანავანქიდან ჯერ კარბში, შემდეგ კი მოღნისში გადაიტანეს. ხოლო საბოლოოდ XV საუკუნის II ნახევარში თბილისში ჩამოიტანეს და ამავე ტაძარში დაასვენეს. სწორედ ამიტომ ამ ტაძარს უწოდეს მოღნისი, იმ ადგილის მიხედვით, საიდანაც ეს ნაწილები იქნა გადმოსვენებული.
"როგორც არქეოლოგიური გათხრები გვიჩვენებს, ეს ეკლესია XVI-XVII სს-ში დანგრეულა. დანგრევის მიზეზთა შორის ამ პერიოდში ოსმალთა თუ ყიზილბაშთა მიერ არაერთგზის თბილისის დარბევის გარდა არ შეიძლება არ გავითვალისწინოთ ეკლესიის საძირკველში გრუნტის არასიმყარე, რამაც ამ დანგრეული ტაძრის ადგილას XVIII ს-ში ახლად აშენებული ეკლესიის ნგრევაც გამოიწვია", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" მირცხულავამ.
მისი განცხადებით, XVII საუკუნეში ახალი ეკლესიის მშენებლობისას ძველი, XIII-XIV სს. ნაგები ტაძარი მთლიანად მიწასთან ჩანს გასწორებული. ამ ტაძრის კედლებისა თუ ბურჯის 1 მ. სიმაღლის გადარჩენილი ნაშთები კი ულვე მიწით ყოფილა დაფარული.
"მოგვიანებით აგებული ეს ეკლესიაც იმთავითვე ქართული ჩანს, რაზედაც მეტყველებს ქართული არქიტექტურის ტიპიური, ხოლო სომხური ტაძრებისათვის X ს. დასასრულიდან უცხო, თავისუფალ ბურჯებზე დამყარებული გუმბათის ყელი და სამი შვერილი აფსიდი, ასევე რამდენიმე საფლავის ქვაზე ქართული სარწერები და ეკლესიის მოხატულობა, რომელიც შემდეგ მითლიანად იქნა გადაღებული", _ განაცხადა მან.
მირცხულავას ინფორმაციით, მაჰმად ხანის ურდოთა შემოსევის შედეგად, ეს ეკლესია, როგორც ჩანს, საგრძნობლად დაზიანდა. რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შედეგად, რასაც ქართული ეკლესიის ავტოკეპალიის გაუქმება და რუსი ეგზარქოსის დასმა მოჰყვა, ეკლესია სომეხთა ხელში გადავიდა, მოხდა მისი აღდგენა და საფუძვლიანი გადაკეთება.
2009 წლის ნოემბერში ძეგლმა ძლიერი ნგრევა განიცადა. მთლიანად ჩამოიშალა გუმბათი, შენობის აღმოსავლეთ მხარის კამარები, საკურთხევლის აფსიდის კონქი და გრძივი კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი.