რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის ქვრივმა იულია ნავალნაიამ მოუწოდა ევროპელ პოლიტიკოსებს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ გამოიყენონ მეთოდები, რომლებიც ორგანიზებულ დანაშაულთან საბრძოლველად გამოიყენება.
„ბევრი ფიქრობს, რომ პუტინის დამარცხება საერთოდ შეუძლებელია. და სასოწარკვეთილნი ახლა მეკითხებიან: როგორ შემიძლია დაგეხმაროთ? - განაცხადა ნავალნაიამ სტრასბურგში ევროპარლამენტში გამოსვლისას.
მისი თქმით, პუტინის დამარცხება შეუძლებელი იქნება, თუ ვივარაუდებთ, რომ ის არის „პრინციპული ადამიანი“, რომელსაც აქვს მორალური პრინციპები და წესები.
„ეს არის პასუხი თქვენს შეკითხვაზე. თუ მართლა გინდათ პუტინის დამარცხება, ინოვატორები უნდა გახდეთ და აღარ უნდა იყოთ მოსაწყენები. ვერ დააზიანებთ პუტინს კიდევ ერთი რეზოლუციით ან სანქციებით, რომლებიც წინა სანქციებისგან არ განსხვავდება“, – განაცხადა ნავალნაიმ.
„საქმე გაქვს არა პოლიტიკოსთან, არამედ სისხლიან მაფიოზთან. პუტინი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ლიდერია. მასში შედის მომწამვლელები და დაქირავებული მკვლელები, მაგრამ ყველა ის პაიკია. მთავარია პუტინთან დაახლოებული ხალხი, მისი მეგობრები, მაფიის სალაროს მცველები“, - აღნიშნა ნავალნის ქვრივმა.
ამიტომ, მისი თქმით, ევროპელმა პოლიტიკოსებმა პუტინის წინააღმდეგ შესაბამისი მეთოდები უნდა გამოიყენონ. ”თქვენ უნდა ჩაატაროთ გამოძიება, გახსნათ ფინანსური ტრანზაქციები და იპოვოთ ისინი, ვისთანაც დაკავშირებულია მაფია თქვენს ქვეყანაში. ვინც გვერდს უვლის სანქციებს, პუტინს და მის ახლობლებს ფულის დამალვაში ეხმარება“, - აღნიშნა ნავალნაიამ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პუტინმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც მან გაუკეთა რუსეთს და იმაზე, რასაც ახლა უკეთებს უკრაინას. მისივე თქმით, პუტინმა პასუხი უნფდა აგოს ასევე კოლონიაში ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გამო. „ჩემი ქმარი ვერასდროს იხილავს მომავლის მშვენიერ რუსეთს, მაგრამ ჩვენ ეს უნდა ვნახოთ. და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი ოცნებები ახდეს... ბოროტება დაეცემა და მშვენიერი მომავალი დადგება“, - განაცხადა ნავალნაიამ.