ამერიკის შეერთებული შტატებისა და ამერიკელი ხალხისგან ხაზგასასმელია 32-წლიანი მხარდაჭერა, რომელსაც საქართველო გრძნობს თავისი დამოუკიდებლობის მომენტიდან. ჩვენ მადლიერი ვართ ამერიკელი ხალხის, რომლებიც გვერდით გვედგნენ ყველა ძნელბედობის ჟამს, რათა საქართველოს ქარტეხილები გაეარა, რომელიც 32-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში გვქონდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
„პრემიერ-მინისტრმა ამ საკითხზეც ისაუბრა და ჩვენი ხედვა ამ ურთიერთობების გაღრმავებისთვის არის ძალიან ცხადი და აშკარა. ჩვენი სურვილია, რომ აშშ-თან, რომელთანაც ამდენწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს, ეს რეალურ, ხელშესახებ ეკონომიკურ და ხალხთაშორის ურთიერთობაშიც გადაითარგმნოს. კერძოდ, ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლაში, პირდაპირ ფრენებში, ინვესტიციებში აშშ-დან საქართველოში და ამას ყველაფერს სჭირდება წახალისება. ამ მხრივ ჩვენ ყველანაირი ნაბიჯს ვდგამთ – ჩვენთან არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშემწყობი საინვესტიციო გარემო, რათა მათ შორის ამერიკული ინვესტიცია შემოვიდეს. საქართველო ყველანაირად არის მოწყობილი ისე, რომ უსაფრთხოება იყოს დაცული და არ იყოს საფრთხე უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში, რომ საქართველოდან შევიდეს აშშ-ში ადამიანი, რომელიც არ იქნება სასურველი აშშ-სთვის, ამას ადასტურებს ჩვენი უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანაც. ამიტომ ჩვენი მხრივ ეს ნაბიჯიც გადადგმულია. პირდაპირ ფრენებს რაც შეეხება, აქაც ჩვენი მხრიდან არის მზაობა, ხელი შევუწყოთ ამერიკულ ავიაკომპანიებს იქნება ეს თუ ქართული, რომ გვქონდეს მიმოსვლა. საჭიროა ამ სამივე ნაბიჯზე საპასუხო ნაბიჯების გადმოდგმა. იქნება ეს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა თუ იქნება ეს ინვესტიციების წახალისება, რათა ის მოხვდეს საქართველოში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, აშშ-ის მოქალაქეებს საქართველოში აქვთ უვიზო რეჟიმი, საქართველოს მხრიდან ვიზის ვალდებულება მოხსნილია.
„აშშ-ის ნება არის საჭირო, რომ მოიხსნას ვიზა. გასაგებია, რომ აშშ-ს არ აქვს უვიზო მიმოსვლა ბევრ ქვეყანასთან, მაგრამ არაღიარებულ სახელმწიფო ტაივანთან აქვს უვიზო მიმოსვლა. არ მგონია, რომ საქართველო 3 მილიონ-ნახევარი მოსახლეობით რაიმე საფრთხეს წარმოადგენდეს მიგრაციული მხრივ აშშ-სთვის. ეს იქნება კიდევ ერთი კარგი ჟესტი ქართველი ხალხის მიმართ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.