კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ნატო-ს ჯარების გამოჩენა უკრაინის ტერიტორიაზე, ალიანსსა და რუსეთის ფედერაციას შორის პირდაპირ კონფლიქტს და ვითარების ესკალაციას გამოიწვევს.
"ამ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა ალბათობაზე, არამედ გარდაუვალობაზე {ნატო-სთან პირდაპირი ომის}. ასე ვაფასებთ ამას", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს და უპასუხა კითხვაზე, რა რისკებს შეიცავს ესკალაცია და ნატოსთან პირდაპირი კონფლიქტი უკრაინის ტერიტორიაზე ალიანსის სამხედროების გამოჩენის შემთხვევაში
პესკოვმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები, რომლებიც განიხილავენ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის შესაძლებლობას, ახალი ელემენტია.
„ჩვენ ყურადღება მივაქციეთ, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნის თემა მართლაც იყო განხილული, ასევე დავაფიქსირეთ, რომ ამ საკითხზე მოსაზრებების ძალიან მდიდარი პალიტრაა, კონსენსუსი ნამდვილად არ არსებობს“, - განაცხადა პესკოვმა.
მან ასევე განაცხადა, რომ მოსკოვმა კარგად იცის საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის პოზიცია რუსეთისთვის სტრატეგიული მარცხის მიყენების აუცილებლობის შესახებ.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ 26 თებერავლს, პარიზში უკრაინის საკითხზე გამართულ კონფერენციაზე განიხილეს დასავლეთის ქვეყნების სახმელეთო ძალების უკრაინაში გაგზავნის შესაძლებლობა, მაგრამ კონფერეციის მონაწილეებმა ამ საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
"ჩვენ ეს განვიხილეთ. ახლა არ არსებობს კონსენსუსი ჯარების გაგზავნაზე. მაგრამ მომავალში ამ საკითხზე არაფერია გამორიცხული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რუსეთმა არ მოიგოს ეს ომი," - განაცხადა მაკრონმა.
უკრაინაში ჯარების გაგზავნა არ გამორიცხა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა გაბრიელ ატალმაც.
მაკრონის განცხადების შემდეგ ჩეხეთმა, პოლონეთმა და შვედეთმა განაცხადეს, რომ უკრაინაში თავიანთი ჯარების გაგზავნის იდეას არ განიხილავენ.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ემანუელ მაკრონის განცხადების შემდეგ თქვა, რომ ნატო უკრაინაში ჯარის გაგზავნას არ გეგმავს.