უკრაინის ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა განაცხადა, რომ 24 თებერვალს ბახმუტის რაიონში რუსმა სამხედროებმა დახვრიტეს სულ მცირე 7 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც ტყვედ ბარდებოდნენ.
„ომის მორიგი დანაშაული, სავარაუდოდ, 2024 წლის 24 თებერვალს მოხდა ბახმუტის რაიონში. ვიდეოში, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ, ჩანს, რომ უკრაინელი სამხედროები ნებდებიან: ხელები აწეული აქვთ, აჩვენებენ, რომ შეიარაღებულები არ არიან და საფრთხეს არ წარმოადგენენ. რუსებს იმის ნაცლად, რომ ისინი ტყვედ აეყვანათ, უმოწყალოდ დახვრიტეს.
რუსების მიერ სიკვდილით დასჯილი უკრაინელების ზუსტი რაოდენობა უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ სულ მცირე შვიდი იყო. ისენი არიან უკრაინის თავდაცვის ძალების სამხედროები,“ - განაცხადა ლუბინეცმა.
ლუბინეცმა დასძინა, რომ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რუსული არმიის რომელი სამხედრო ნაწილიდან იყვნენ ოკუპანტები, რომლებმაც უმოწყალოდ დახვრიტეს უკრაინელები.
„ეს შემთხვევა უნდა დაფიქსირდეს, როგორც რუსეთის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მორიგი დარღვევა. ამ შემთხვევაში, მე დაუყოვნებლივ მივმართავ ოფიციალური წერილით გაერო-ს და წითელ ჯვარ, რათა ორგანიზაციებმა დააფიქსირონ და საჯაროდ აღიარონ, რომ რუსი სამხედროები კლავენ უკრაინელ ტყვეებს, - წერს ლუბინეცი ტელეგრამში.
ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურორის ოფისში აღნიშნეს, რომ უკრაინელი სამხედროების დახვრეტა მოხდა დონეცკის ოლქის სოფლებს, ივანოვსკოესა და ხრომოვოეს შორის უკრაინული პოზიციების შტურმის დროს.
„დრონის კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ჩვენს დამცველებს ჯერ სანგრიდან გამოსვლას უბრძანებენ. ყველა მათგანის ერთ ადგილას შეკრების შემდეგ მტერი მათ ავტომატიდან ცეცხლს უხსნის. აგრესორი სახელმწიფოს სამხედროებმა გამიზნულად მოკლეს დაჭრილები და უიარაღო უკრაინელი მეომრები, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უგულებელყოფით“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.