ჩინეთის რესპუბლიკამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა დააწესა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ჩინეთში უვიზოდ 30 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
„ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების თაობაზე. საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ, ჩინეთში უვიზოდ დაყონ 30 დღე ზედიზედ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გაუმარტივებს ჩინეთში მოგზაურობას და ახალ შესაძლებლობებს შექმნის საქართველოსა და ჩინეთს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების მეტად განვითარების თვალსაზრისით. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს და ჩინეთს შორის შარშან ხელმოწერილი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების მორიგი უმნიშვნელოვანესი პრაქტიკული შედეგი. ვულოცავ თანამოქალაქეებს და მინდა, მადლობა გადავუხადო ჩინელ მეგობრებს, ჩინეთის ხელისუფლებას ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა.
ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.