29 დეკემბერს, 12:00 საათზე, პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდი "იავნანა" და "საერთაშორისო ქართული სკოლა" აწყობენ საშობაო საქველმოქმედო აქციას, რომლის ფარგლებშიც გაიმართება სკოლის ბავშვთა ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა და ცნობილი ადამიანების მიერ მომზადებული გოზინაყის აუქციონი.
ღონისძიება "საერთაშორისო ქართულ სკოლაში" (მის: შარტავას 18ბ) გაიმართება. სკოლის მოსწავლეები და სკოლამდელი ასაკის აღსაზრდელები სტუმრებს საახალწლო სპექტაკლს წარმოუდგენენ. სპექტაკლში გაცოცხლებულია ყველასათვის საყვარელი ქართული და უცხოური ზღაპრის გმირები, რომლებიც თოვლის ბაბუასთან ერთად ახალი წლის ლხინისთვის ემზადებიან. სპექტაკლის რეჟისორია მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ონისე ონიანი. სპექტაკლის დაწყებამდე აუქციონზე გასატანად გოზინაყს მოამზადებენ სკოლის მოსწავლეთა მშობლები: გურამ დოჩანაშვილის ოჯახი, ონისე ონიანი, რუსა ჩაჩუა და სალომე კორკოტაშვილი.
17:00 საათიდან აქცია სავაჭრო ცენტრ "ჯი-თი-სი"-ში (მის: ყოფილი კოლმეურნეობის მოედანი, ვეკუას 3) გადაინაცვლებს, სადაც ცოცხალი მუსიკის თანხლებით, საბავშვო მოდის სანახაობის პარალელურად დაიწყება "საერთაშორისო ქართული სკოლის" მოსწავლეების ნამუშევრების (თიხა, ფერწერა, თექა) გამოფენა-გაყიდვა.
18:30 საათიდან კი, აქციის დასასრულს, გაიმართება აუქციონი, რომელზედაც ბავშვების ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ცნობილი ადამიანების თამრიკო ჭოხონელიძის, ლიზა ბაგრატიონის, ნატო მეტონიძის, პაატა ბურჭულაძისა და გურამ დოჩანაშვილის ოჯახების მიერ მომზადებული გოზინაყები.
შემოსული თანხა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა და სავანის მშენებლობის ფონდში გადაირიცხება.