პუტინის პროპაგანდის ნებისმიერი მხარდაჭერა სახელმწიფო ღალატია, ჩვენ ამას არ შევეგუებით, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთი გააგრძელებს უკრაინის დახმარებას საზღვარზე ფერმერების პროტესტის მიუხედავად.
ბოლო თვეების განმავლობაში, პოლონელმა ფერმერებმა სასაზღვრო გადასასვლელები დაბლოკეს. ისინი აპროტესტებენ უკრაინული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტს. გასულ კვირას დემონსტრანტებმა უკრაინული მარცვლეულის სატვირთო ვაგონები გახსნეს და გადაყარეს.
ამასთან, პოლონეთის პოლიციამ დაიწყო ინციდენტის გამოძიება ბანერთან დაკავშირებით. როგორც ცნობილია, ფერმერებმა გაშალეს პოსტერი წარწერით: „პუტინო, აღადგინე წესრიგი უკრაინაში, ბრიუსელში და ჩვენს მთავრობაში“, ტრაქტორზე კი საბჭოთა დროშა დაამაგრეს.
კიევმა განაცხადა, რომ საზღვარზე შეფერხებამ შესაძლოა, ხელი შეუშალოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი საზღვართან შეხვედრაზე ბლოკირების მოხსნის საკითხის განსახილველად მიიწვია.
თუმცა, ტუსკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის დონეზე მოლაპარაკებები დაგეგმილია 28 მარტს და ის ვარშავაში ჩატარდება.
მან ასევე თქვა, რომ პოლონეთის მთავრობა უკრაინასთან სასაზღვრო გადასასვლელებს გამოაცხადებს "კრიტიკულ ინფრასტრუქტურად", რათა უზრუნველყოს უკრაინაში დახმარების სტაბილური ნაკადი.
ამასთან, ტუსკმა განაცხადა, რომ რომ პოლონეთი უფლებას არ მისცემს მათ, ვინც ღიად ემსახურება პუტინის პროპაგანდას, ისარგებლონ უკრაინის საზღვართან ფერემერების პროტესტით.
„პუტინის პროპაგანდის ნებისმიერი ასეთი მხარდაჭერა სახელმწიფო ღალატია, ჩვენ ამას არ შევეგუებით“, - აღნიშნა ტუსკმა.