მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო კამპანიაში ჩართვა, ღამის ყველაზე დიდი კოშმარია, რაც შეიძლება ივანიშვილს დაესიზმროს, - ამის შესახებ ტვ პირველის ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„სააკაშვილი რომ გარეთ იყოს - ზურაბიშვილსაც შეუძლია და ივანიშვილსაც - ერთს აქვს სამართლებრივი ინსტრუმენტი შეწყალების. მეორეს {ივანიშვილს} აქვს ყველანაირი - პოლიტიკური, სამართლებრივი, მართლმსაჯულება, სასამართლო, პროკურატურა - ყველაფერს ის კაცი აკონტროლებს, მას შიში აქვს.
მე იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი მიშა სააკაშვილს კონკურენტად არ განიხილავს მომავალ არჩევნებში და ამიტომ არ ფიქრობს, რომ ციხეში ჩავტოვოო, ასეთ ცინიკურ მიდგომებს გამოვრიცავ მისგან, ხოლო ბიძინა ივანიშვილს მიშა სააკაშვილის ეშინია, არჩევნებში სრულფასოვნად მონაწილეობდეს და კამპანიაში იყოს ჩართული, ეს არის ღამის ყველაზე დიდი კოშმარი, რაც შეიძლება ივანიშვილს დაესიზმროს," - განაცხადა ცისკარიშვილი.
ცისკარიშვილის თქმით, პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა სააკაშვილს, რადგან ენმ-ის ლიდერი ამბობს, რომ ახლა მესამე პრეზიდენტის გასათავისუფლებლად ბევრი ფაქტორი არსებობს.
„ქალბატონი ზურაბიშვილის მაგივრად მე ვერ ვისაუბრებ და ვერც ზუსტ პროგნოზს ვერ დავდებ, რას გააკეთებს - მიიღებს თუ არ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. კალენდარი და დრო თავისას შვრება - არჩევნები ახლოვდება, მისი ვადაც იწურება, ის, როგორც ნებისმიერი გონიერი პოლიტიკოსი, რომელსაც უნდა, რომ ისტორიას დარჩეს, როგორც ქვეყნის იმ კონკრეტულ ისტორიულ მონაკვეთში და მომენტში სწორი პოზიციის მქონე ფიგურა, მჯერა, რომ ასეთად უნდა ისტორიაში ჩაიწეროს, მხოლოდ ჩემი სურვილი არ არის და ჩემი პარტიის და იმ ადამიანების, ვინც ხელმოწერებს აგროვებენ სოფო ჯაფარიძესთან ერთად, არამედ ნებისმიერი გამოკითხვით, 60 პროცენტი, მათ შორის ოცნების ამომრჩეველიც და ე.წ. შუაშისტებიც, ამბობენ, რომ რა თქმა უნდა, სააკაშვილი თავისუფლებაზე უნდა იყოს, ყველა ხვდება, რომ აბსურდული ბრალდებით არის ეს კაცი იზოლირებული ციხეში,“ - განაცხადა ცისკარიშვილმა.