რუსეთმა როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში საბრძოლად? არ იცით, რა შედეგი იქნებოდა? ეჭვი გეპარებათ, რომ ეს ნიშნავდა ომის რისკს რუსეთთან?, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.
პაპუაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში საბრძოლველად მეომრების გაგზავნა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკს გამოიწვევდა.
აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ 2023 წლის ანგარიშის წარდგენის შემდეგ, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას გააკეთა.
„ძალიან გიკვირთ, როცა ვსაუბრობთ ჩვენ ომში ჩათრევის სურვილზე. როდესაც რუსეთმა ომი დაიწყო, ვინ მოუწოდებდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ მებრძოლები გაეგზავნა უკრაინაში საბრძოლად? თუ მეამიტები არ ხართ, მგონი, ხვდებით, რას ნიშნავს, როდესაც სახელმწიფო მეომრებს აგზავნის ომში. დედამიწის ზურგზე რომელმა სახელმწიფომ გააგზავნა უკრაინაში თავისი მეომრები. ამას არ მოგვიწოდებდით? აქ არ იყო, პარლამენტის წინ აქციები? ითხოვდით და ჩართვები გქონდათ თქვენი მეგობარი ზოგიერთი უცხოელი აქტორებისგან. სამწუხაროდ, უკრაინელი პოლიტიკოსებიც რომ ჩართეთ მაშინ ამ მოწოდებებში, მიტინგების მეშვეობით. არ იცით, რა შედეგი იქნებოდა? ეჭვი გეპარებათ, რომ ეს ნიშნავდა ომის რისკს რუსეთთან? მითხარით, თუ სერიოზულად ფიქრობთ იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებას რომ გაეგზავნა მეომრები უკრაინაში, რუსეთთან საომრად და უკრაინის დასაცავად, ეს არ შექმნიდა რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების რისკს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.