,,ყველაზე კარგი მაგალითი იყო გასული წლის მარტის აქციები და კამპანია, რომელიც მიმართული იყო ჩვენი განზრახვის წინააღმდეგ, რომ გამჭვირვალე გაგვეხადა უცხოეთიდან შემოსული ფინანსები საქართველოში,’‘ - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2023 წლის ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ხშირ შემთხვევაში, უცხოეთიდან შემოსული თანხები სხვადასხვა ორგანიზაციას და მათ მოკავშირე პოლიტიკურ პარტიებს, რიგ შემთხვევაში, არამიზნობრივად და უკანონოდ ხმარდება. მისი თქმით, დრომ კარგად აჩვენა, რომ უცხოეთიდან მიღებული დაფინანსება გაუმჭვირვალეა.
,,დრომ გვიჩვენა, რომ, სიმართლე არ აღმოჩნდა კანონპროექტით შეშფოთებული ჯგუფების მაშინდელი მტკიცება, თითქოს უცხოური დაფინანსება საზოგადოებისთვის ისედაც გამჭვირვალეა. დღეს უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ საჯარო საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართული ინსტიტუციებიდან, არასამთავრობო სექტორი ყველაზე გაუმჭვირვალეა. დრომ ასევე ყველას დაანახა, რომ კანონი ფინანსების გამჭვირვალების შესახებ არანაირად არ იყო არც კანონი „აგენტების შესახებ“ და არც „რუსული კანონი“. გარდა იმისა, რომ ყველა დარწმუნდა, რომ კანონპროექტი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედი კანონის პირდაპირი, სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, საზოგადოებამ ისიც კარგად დაინახა, თუ როგორ წარმოიშვა და ყოველგვარი ისტერიის გარეშე ახლაც განიხილება ევროკავშირში ამგვარი კანონის მიღების იდეა. და ეს ბუნებრივიცაა. ჩვენ ვარსებობთ საერთაშორისო უსაფრთხოების უპრეცედენტო დაძაბულობის ეპოქაში, როდესაც იატაკქვეშა, ჰიბრიდული ოპერაციები პოლიტიკის ლამის ბუნებრივ იარაღად იქცა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ყველა სახელმწიფოს ვალია, დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ინტერესები და უზრუნველყოს პოლიტიკური სისტემის მედეგობა გარე გავლენების მიმართ.
,,გამჭვირვალება, როგორც დემოკრატიის თეორია გვასწავლის, მსგავსი თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი იარაღია. ამიტომ გაუგებარია, რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე საქართველოში უცხოეთის მიერ წარმოებული ფინანსური ოპერაციები და რატომ ართმევენ საზოგადოებას უფლებას იცოდეს, რომელი წყაროებიდან ფინანსდებიან და რა ინტერესები დგას მათ უკან, ვინც სახელისუფლებო გადაწყვეტილების მიღებაში თანამონაწილეობას ითხოვს. მარტის ძალადობრივმა აქციებმა დაგვანახა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრებათ საქართველოში რადიკალიზმის ალაგმვაში. მათი მხრიდან გაკეთებული ნებისმიერი ორაზროვანი განცხადება შეიძლება წარმატებით იქნეს გამოყენებული რადიკალური, უპასუხისმგებლო ჯგუფების მიერ სახელმწიფოსა და დემოკრატიული წყობის წინააღმდეგ, რაც ბოლო აქციების დროს, ჩვენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილებით“ ადამიანების ცოცხლად დაწვის მცდელობაში გამოიხატა,’’ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.