გახარიასთან დაკავშირებით მგონი, ერთადერთი ადამიანი ვარ ოპოზიციური სპექტრიდან, ვინც გაბედა და ეს თქვა. გავიმეორებ ჩემს ნათქვამს, გახარიასთან დაკავშირებით, წარსულთან მიმართებით მე კითხვების დასმას ამ ეტაპზე არ ვაპირებ, – ამის შესახებ ნიკა გვარამიამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
„ალბათ გახარიასაც აქვს ჩემთან დაკავშირებით წარსულზე შეკითხვები. მე მასაც და ყველა დანარჩენს ვთავაზობ, წარსულზე ვილაპარაკოთ უსაფრთხო მომავალში როცა ვიქნებით. დღეის მდგომარეობით, ჩვენ წარსულზე ლაპარაკით შეიძლება, მომავალი დავკარგოთ და ჩავრჩეთ ამ ტალახიან აწმყოში. თუ წარსულის განსჯა, განქიქება და ერთმანეთის თრევა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი შვილების, ჩვენი სამშობლოს წარმატებული, ევროპული მომავალი, კი ბატონო, დავკავდეთ ამით. მე არ ვაპირებ, ვისაც უნდა დაკავდეს ამით. მე გახარიასთან მაქვს ერთადერთი შეკითხვა და ის უკავშირდება მომავალს – რას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ ის იქნება გადაწყვეტილების მიმღები, ძალიან დაბალია ამის ალბათობა, მაგრამ მაინც დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილი იქნება ხელისუფლებაში თუ ოპოზიცია. ეს არის ჩემი შეკითხვა“,- განაცხადა გვარამიამ.
მისივე თქმით,კვლევები აჩვენებს, რომ არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები, გაუგებარი განცხადებები და ძირითადად ოპოზიციაზე თავდასხმები გახარიას პარტიას 5-პროცენტიანი ბარიერს ქვეშ მყოფ პარტიად აქცევს.
„ყველა კვლევა, რაც მინახავს, შიდა კვლევები, რომლებიც არ ქვეყნდება, რადგან კონკრეტული საკანონმდებლო მოთხოვნები გამოქვეყნებასთან დაკავშირებით დაცული არ ყოფილა, აჩვენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა, ასევე ჩემი აზრით, აბსოლუტურად არასწორი საჯარო კომუნიკაციის ფორმები, ასევე, ჩემთვის გაუგებარი განცხადებები და ძირითადად ოპოზიციაზე თავდასხმები გახარიას პარტიას აქცევს 5-პროცენტიანი ბარიერს ქვეშ მყოფ პარტიად. ასე თუ გაგრძელდა, დარჩება იქ, სადაც ახლა არის და ცუდია, რომ ეს ასე იყოს. ჩემთვის ეს ნამდვილად არ არის სასურველი სცენარი, რადგან გახარია ხმებს იღებს ბიძინა ივანიშვილის ყულაბიდან. თუ ის ასე გააგრძელებს, ჩააბრუნებს ამ ხმებს ბიძინა ივანიშვილის ყულაბაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
კითხვაზე, „გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში თუ ხედავ“, – გვარამია პასუხობს: „ვხედავ, თუ ის ოპოზიციური პარტიაა“.