შეერთებული შტატები პარასკევს, 23 თებერვალს გამოაცხადებს სანქციების ახალ მსხვილ პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ, რუსი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასა და უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. იუწყება Reuters.
სანქციებმა „რუსეთს უნდა დააკისროს პასუხისმგებლობა იმის გამო, რაც მოხდა ნავალნისთან დაკავშირებით“, - თქვა კირბიმ. მას არ დაუკონკრეტებია, რისი მომცველი იქნება ეს სანქციები.
ერთი დღით ადრე გერმანიამ განაცხადა, რომ ალექსეი ნავალნის გარდაცვალებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალ სანქციებს დააწესებს. გერმანიის ოფიციალურმა პირებმა განმარტეს, რომ ეს სანქციები მიმართული იქნება რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის თანამდებობის პირებისა და თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც დაკავშირებულია ოპოზიციონერის სიკვდილთან.
ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს იამალო-ნენეცის ავტონომიურ ოლქში, კოლონიაში გარდაიცვალა. კოლონიაში თქვეს, რომ გასეირნების შემდეგ პოლიტიკოსმა „შეუძლოდ იგრძნო თავი და თითქმის მაშინვე დაკარგა გონება“, ხოლო „რეანიმაციულმა ზომებმა“ დადებითი შედეგი არ გამოიღო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.