ბრიუსელში ჩვენი შეხვედრის მიზანია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, შევთანხმდით, რომ ჩვენი მუშაობა დავაჩქაროთ - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჯოზეფ ბორელსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მივესალმო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ბრიუსელში. ეს პირველი ვიზიტია, პირველად ვხვდებით მას ბრიუსელში. უკვე ძალიან სწრაფად, დიდი ტემპით შევუდექით მუშაობას.
მიმაჩნია, რომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც საქართველოს მიენიჭა მხოლოდ და მხოლოდ ორი თვის წინ, უკვე აჩვენებს იმ სარგებელს, რაც მოაქვს სტატუსს, დივიდენდებიც მოაქვს არა მარტო საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის, არამედ ევროკავშირისთვისაც.
დღევანდელი დისკუსიის საფუძველზე თუ რაიმე დასკვნა უნდა გაკეთდეს, ეს გახლავთ შემდეგი: შევთანხმდით, რომ დავაჩქარებთ მუშაობის ტემპს, რათა შედეგები იყოს ევროკავშირისა და ცხრა რეკომენდაციის განხორციელების გზაზე, მოხდეს სამოქმედო გეგმის შესრულება, იქნება ეს ეკონომიკური, საინვესტიციო გეგმა თუ, ზოგადად, ქვეყანაში რეფორმების განხორციელება, რათა ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ იქცეს ქვეყანა და ევროპის ერთიანი ბაზრის წევრი გახდეს.
გავიაროთ ეს პუნქტები სათითაოდ: ჩვენ ვნახეთ, რომ გაფართოების ამოცანები საქართველომ არა მხოლოდ შეასრულა, არამედ სურს და შეუძლია ამ ნაბიჯების გადადგმა. ეს არის ჩვენი ლიდერების გადაწყვეტილება, მოსაზრება. ამიტომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე უნდა მოხდეს კაპიტალიზაცია და სწორედ ამიტომ ვთხოვთ ქართველ მეგობრებს, დააჩქარონ ტემპი სასამართლო რეფორმის და სხვა მიმართულებებით. დღეს ერთად გავიარეთ ცხრა ნაბიჯი, რათა ჩვენც მოვემზადოთ შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. სწორედ ეს არის ჩვენი შეხვედრის მიზანი, საქართველო შევიყვანოთ ევროკავშირში. ჩვენ აქ არ ვჩერდებით, ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს და ამას განაპირობებს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო ქვეყანამ, გამხდარიყო კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.