ნეტავ, სააკაშვილს არ რცხვენია, თავის თავს რომ ადარებს ნავალნის? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ამ ორი ადამიანის ერთმანეთთან შედარება, სულ მცირე, ნავალნის ოჯახს ძალიან ეწყინებოდა.
„ნავალნი გარდაცვლილია და, როგორც იცით, ქართველები გარდაცვლილზე ვამბობთ ან კარგს, ან არაფერს, მაგრამ კაცი სასჯელს იხდიდა ე.წ. პოლარული წრის იქით, ყინვაში და უბედურებაში. ასევე, მას ის გამოარჩევს სააკაშვილისგან, რომ ის ჩავიდა კაცურად თვითმფრინავით და ჩაბარდა ძალოვნებს, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელიც არაჟნის ვედროში იჯდა, ახლა კი ორპალატიან საავადმყოფოში ზის და დაფოფინებს თავზე მთელი საავადმყოფო. ბევრი პატიმრის მშობლის თვალებში ჩახედვის მრცხვენია, რადგან გაცილებით უფრო ნაკლებად მძიმე დანაშაულზე ადამიანები იხდიან სასჯელს იქ, სადაც უნდა იხდიდნენ მსჯავრდებულები, სააკაშვილი კი, იმის გამო, რომ ხარჯავს მილიონებს, ტეხავს აჟიოტაჟს, აზიანებს საქართველოს, ხალხს, ხელისუფლებას, ევროპულ მისწრაფებებსა და მომავალს, ამის გამო ასეთ მდგომარეობაშია. ხან კვდება, ხან არ კვდება. არ ვიცი, ეს გვირილაზე აქვთ დამოკიდებული თუ რამე ტალღას უსინჯავენ ადამიანების განწყობებისას პულსს, თორემ როგორ შეიძლება, კაცი ერთ დღეს კვდებოდეს და მეორე დღეს მაგრად იყოს და კოალიციას უდგებოდეს თავში, მესამე დღეს გაფრენას აპირებს ალბათ, ფანჯარა რომ გამოუღო, ბეტმენი იქნება და გადაუფრენს მთელ საქართველოს, როგორც უყვარდა ხოლმე. ასეთი პრეცედენტი თუ გაგიგიათ, რომ პრეზიდენტმა მიატოვოს საკუთარი სამშობლო, მოქალაქეობა, გახდეს რომელიღაცა გუბერნიის გუბერნატორი, შემდეგ უკანონოდ გადმოკვეთოს საზღვარი, აღმოჩნდეს სამართლიანად პენიტენციურ სისტემაში და მისთვის ყველაფერი კეთდება, რომ მან თავი იგრძნოს დამშვიდებულად. რაც შეეხება ნავალნის, მე არ ვიცი, მოწამლეს მოკლეს თუ ა.შ. მაგრამ ამ ორი ფიგურის ერთმანეთთან შედარება, სულ მცირე, ნავალნის ოჯახს ძალიან ეწყინებოდა“, – განაცხადა ოდიშარიამ.