რადოსლავ სიკორსკიმ სჯობს, მის ქვეყანას მიხედოს და მის მიმართ არსებულ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც მის ირგვლივ არსებობს, ვიდრე საქართველოს საშინაო პოლიტიკაში ჩარევა სცადოს, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა.
სუბარი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რადოსლავ სიკორსკის, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.
სუბარის თქმით, არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.
„სააკაშვილი არის უმძიმესი დამნაშავე. ის დამსახურებულად იხდის სასჯელს და უნდა მოიხადოს ბოლომდე.
არცერთი ქვეყანა არ უნდა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ხოლო თუ პოლონეთს უნდა მაინც და მაინც ილაპარაკოს – ვინ უნდა იჯდეს ციხეში და ვინ არა, მაშინ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შევახსენებ, რაც პოლონეთში მთავრობის ცვლილების შემდეგ მოხდა, მსგავსი რამ არ მომხდარა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, როცა პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ორი ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დაიჭირა პოლიციამ, სასამართლოს წინაშეც წარადგინეს და ისინი იმყოფებიან პატიმრობაში. ბატონ სიკორსკის თუ უნდა ეს გამოცდილება გაგვიზიაროს, როგორც დემოკრატიის ახალი და დღემდე არნახული ფორმა, მზად ვართ მოვუსმინოთ – ეს ისე, რას თქმა უნდა, ამას არასერიოზულად ვამბობ. ბატონი სიკორსკი იყო ევროპარლამენტის წევრი, რომელზეც ძალიან ბევრი სტატია იბეჭდებოდა, რომ ის ყოველწლიურად დაახლოებით, 100 ათას ევროს იღებდა არაბული ქვეყნებიდან გარკვეული საქმეების ლობირებისთვის და ამის ასახვა დეკლარაციებში არ ხდებოდა. სჯობს, მან საკუთარ ქვეყანას მიხედოს და იმ კითხვებს გასცეს პასუხი, რაც მის მიმართ არსებობს, ვიდრე ჩვენი ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა სცადოს“, – განაცხადა სუბარმა.