ვნახეთ, მიუნხენის კონფერენციაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საჯაროდ, ღიად როგორ მოსთხოვეს სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა: „ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.
ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და მიიჩნევს, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, შეუძლია, სააკაშვილი გაათავისუფლოს.
„ხედავთ მსოფლიოში დასავლეთის ლიდერებს, მოგისმენიათ იგივე მაკრონის განცხადება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მოგისმენიათ ზელენსკის განცხადება, გინახავთ და წაგიკითხავთ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯონსონის მილოცვა, როცა დაბადების დღეს ულოცავდა. ასევე ნახეთ, მიუნხენის კონფერენციაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საჯაროდ, ღიად როგორ მოსთხოვეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, თუ სალომეს აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და მიიჩნევს, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მას შეუძლია, პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუსკვო. აღადგინოს იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.