ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, ბრაზილიის პრეზიდენტის ლულა და სილვას განცხადება ჰოლოკოსტის ხსოვნის შეურაცხყოფაა.
ნეთანიაჰუ ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებები ჰოლოკოსტს შეადარა.
„ისრაელის შედარება ნაცისტების და ჰიტლერის ჰოლოკოსტთან წითელი ხაზის გადაკვეთას ნიშნავს“, – თქვა ბენიამინ ნეთანიაჰუმ
მისი თქმით, მსგავსი განცხადებები არის ჰოლოკოსტის ხსოვნის შეურაცხყოფა და ებრაელი ხალხისა და ისრაელის თავდაცვის ლეგიტიმური უფლებისთვის ზიანის მიყენების მცდელობა.
„ისრაელი იბრძვის თავის დასაცავად და თავისი მომავლის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სამართლის შესაბამისად", - თქვა ნეთანიაჰუმ.
ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩი დაიბარეს.
შეგახსნებეთ, ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა – „იმას, რაც ღაზის სექტორში პალესტინელ ხალხთან მიმართებაში ხდება, ისტორიულ მომენტებში ფაქტობრივად არ აქვს ანალოგი. თუმცა, რეალურად არსებობს ამის ანალოგი, მაშინ როდესაც ჰიტლერმა გადაწყვიტა ებრაელების მოკვლა“.