ბრაზილიის პრეზიდენტმა ლულა და სილვამ ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური რეჟიმის დანაშაულებს შეადარა. მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, ისრაელის ჯარები „ხოცვენ ქალებსა და ბავშვებს“.
აფრიკის კავშირის სამიტზე ეთიოპიაში გამოსვლისას და სილვამ აღნიშნა, რომ ანკლავში მიმდინარე მოვლენები შეიძლება ჰოლოკოსტს შევადაროთ. მან აღნიშნა, რომ ისრაელის ქმედებებს „არავითარი ახსნა“ არ აქვს.
„იმას, რაც ღაზის სექტორში პალესტინელ ხალხთან მიმართებაში ხდება, ისტორიულ მომენტებში ფაქტობრივად არ აქვს ანალოგი. თუმცა, რეალურად არსებობს ამის ანალოგი, მაშინ როდესაც ჰიტლერმა გადაწყვიტა ებრაელების მოკვლა. ისრაელის სამხედრო კამპანია ეს არის ომი კარგად მომზადებულ სამხედროებს, ქალებსა და ბავშვებს შორის”, – განაცხადა ლულამ.
ამ დღეებში ბრაზილიის პრეზიდენტი ეგვიპტელ კოლეგას ალ-სისის შეხვდა. შეხვედრის დროს მან აღნიშნა, რომ ბრაზილია გმობს ჰამასის მიერ ისრაელში 7 ოქტომბერს განხორციელებულ ხოცვა-ჟლეტას. თუმცა, ისრაელის პასუხი ამ საშინელ ტრაგედიაზე არის „არაპროპორციული და განურჩეველი“.