აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ისეთი საკითხები, როგორიცაა უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ, არ უნდა იყოს შეერთებული შტატების პოლიტიკური თამაშების საგანი. ამის შესახებ მან მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბოლო წლებში არაერთხელ აჩვენა, რომ იგი სრულიად მტრულად არის განწყობილი დემოკრატიული პრინციპების მიმართ და ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის სიკვდილი ამის კიდევ ერთი დასტურია.
ამასთან, კამალა ჰარისის თქმით, თეთრი სახლი დარწმუნებულია, რომ კონგრესის ორივე მხარის წევრების რეალური უმრავლესობა მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას.
„ეს არ ეხება არჩევნებს - ეს არის იმაზე, თუ ვინ ვართ ჩვენ და როგორი ქვეყანა გვინდა ვიყოთ“, - ხაზგასმით აღნიშნა ვიცე-პრეზიდენტმა.
მას ასევე ჰკითხეს, აქვს თუ არა შეერთებულ შტატებს „გეგმა ბ“ იმ შემთხვევაში, თუ კონგრესში პოლიტიკური დავები ხელს შეუშლის გადაწყვეტილების მიღებას.
"არსებობს მხოლოდ „გეგმა A“ - უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება", - უპასუხა ვიცე-პრეზიდენტმა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ როდესაც საქმე მივა წარმომადგენელთა პალატაში კენჭისყრამდე, კანონპროექტს მხარს დაუჭერენ.
„მე ასევე დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ის კონგრესში არსებობს მრავალპარტიული კონსენსუსი, რომ ეს არის ბარბაროსული აგრესია მოსკოვის მხრიდან და რომ ის მოითხოვს პასუხს, რომელიც მოიცავს დახმარებას ჩვენი მეგობრებისთვის და მხარდაჭერას მათთვის, ვინც წინააღმდეგობას უწევს აგრესიას“, - თქვა ჰარისმა.