უტიფარი და სრულიად უსუსური მცდელობა, რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისივე შეფასებით, სრული ამორალურობა, პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლა რეჟიმის მსხვერპლია.
„ეს მორიგი სპეკულაციაა „ნაციონალური მოძრაობის“, მისი მეგობრების მხრიდან. უტიფარი და სრულიად უსუსური მცდელობა, რაიმე პარალელი და განზოგადების საშუალება ნახონ ნავალნის შემთხვევასა და სააკაშვილის შემთხვევას შორის. საერთოდ არც არსებობს სააკაშვილის შემთხვევა, ამიტომ, ამაოდ დაშვრებიან, თუკი ეცდებიან რაღაც პარალელის მონახვას. ყველა მანამდელი ინსინუაცია, რომელსაც ნავალნისგან განსხვავებით სთავაზობდა სააკაშვილი საზოგადოებას, ამაში მილიონობით ფულს ხარჯავდა, ტყუილი აღმოჩნდა. დიდი ხნის განმავლობაში არა მხოლოდ ქართულ საზოგადოებას, არამედ მართლაც საერთაშორისო საზოგადოებას კვებავდა მცდარი ინფორმაციით. ეს ყველასთვის გასაგებია. ეს ამავდროულად უტიფრობაა, რადგან სააკაშვილი არის კაცი, რომელმაც დაატრიალა საპატიმროებში ის, რაც დაატრიალა და ყველას ახსოვს. შემაძრწუნებელი ფაქტებით დახუნძლული იყო, სამწუხაროდ, მისი პერიოდის სახელმწიფო მოღვაწეობა. პენიტენციურში ყველას კარგად ახსოვს რა ხდებოდა და არა მხოლოდ პენიტენციურში, გვახსოვს ეს იყო პერიოდი, როცა გვამებს ითხოვდნენ სპეციალურად სახელდახელოდ მოწყობილი სპეცოპერაციების დროს. ამიტომ, ამ ყველაფრის ფონზე, უბრალოდ სპეკულაციაა, ეს ყველაზე მარტივად, რბილად და ობიექტურად რომ შევაფასოთ ახლა შემოთავაზებული მცდელობები პარალელის გავლებასთან დაკავშირებით. არავითარი კავშირი არ შეიძლება, აქ დანახულ იქნას. ასევე, პოლიტიკური უტიფრობაა იმ ხალხის მხრიდან, ვისაც „ნაციონალური მოძრაობის“ „შემოქმედებაში“ მეტ-ნაკლებად წვლილი მიუძღვის ყველას კარგად გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, როდესაც ახლა ასეთი ტიპის სპეკულაციურ ინტერპრეტაციებს სთავაზობენ საზოგადოებას, უბრალოდ პასუხი უნდა გასცენ კითხვას – როგორია მათი დამოკიდებულება გირგვლიანის, შავაძის, რობაქიძის და სხვა შემთხვევასთან დაკავშირებით. მგონი, გასაგებია, რომ ეს არის სრული ამორალურობა, რაღაც პარალელების გავლება დამნაშავესა და იმ ადამიანის გარდაცვალებას შორის, რომელიც მართლაც არის რეჟიმის მსხვერპლი“, – განაცხადა სარჯველაძემ.