ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ აჩვენა ცივილიზებულ სამყაროს, პუტინის რეჟიმმა როგორ დაასამარა დემოკრატია და როგორ გათელა ფეხქვეშ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატულება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
„ნავალნის მკვლელობამ კიდევ ერთხელ აჩვენა მთელ ცივილიზებულ სამყაროს, პუტინის რეჟიმმა როგორ დაასამარა დემოკრატია და გათელა ფეხქვეშ ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატულება. მთავარია, რომ რეგიონსა და მსოფლიოში დემოკრატიისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ ადამიანებს გაცილებით დიდი მხარდაჭერა ექნებათ. მოდი, ღიად ვთქვათ, რომ პირდაპირი პარალელია ნავალნის პატიმრობასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას შორის. ამას არ ვამბობ მე, ამას ამბობს და აჭრელებულია მთელი საერთაშორისო მედია. ნავალნის მკვლელობა კიდევ ერთხელ აჩვენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის სწრაფი და დროული გათავისუფლება საპატიმრო დაწესებულებიდან. ივანიშვილის პარტიას განზრახული აქვს, რომ დემოკრატია საქართველოში დაასამაროს ბოლომდე, სწორედ ამიტომ არ უნდა მას ევროკავშირი. ჩვენი, თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველების, პატრიოტების ამოცანაა, გავუშვათ ხელისუფლებიდან ეს ანტიდემოკრატიული ძალა, ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და დაჩქარებული წესით გავხდეთ ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ვაშაძემ.