რუსეთში ოპოზიციონერი პილოტიკოსის, ალექსეი ნავალნის პატიმრობაში გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ბათუმში აქცია დაიგეგმა. სამ საათში ბათუმის ბულვარში, ანბანის კოშკთან მრავალრიცხოვანი აქცია დაიწყო. ორგანიზატორი იყო დიასპორული ორგანიზაცია „რუსები ბათუმში“.
როგორც „რადიო თავისუფლება“ აღნიშნავს, აქციის ორგანიზატორები გაკვირვებულები იყვნენ ხალხის დიდი რაოდენობის გამო: „ჩვენ არ ველოდით ამდენ თანამოაზრეს ბათუმში. აქცია სოციალურ ქსელში ჩვენს ჯგუფში სპონტანურად დაიგეგმა 16:00 საათზე. სამ საათში კი რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, ჩვენ უნდა დავანახოთ პუტინს და მთელ მსოფლიოს, რომ არ ვართ მარტო. ჩვენ ბევრნი ვართ და გვახსოვს ალექსეი ნავალნის სიტყვები - არ დანებდეთ! ჩვენ არ დავნებდებით“.
სიტყვით გამოვიდნენ ბათუმში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ჰყვებოდნენ, რომ სამოქალაქო პოზიციის გამო რუსეთში მოსალოდნელ რეპრესიებს საქართველოში გამოექცნენ.
„მე არინა ვარ, 20 წლის ვიყავი, როცა ჩემი ქვეყნის მთავარ ქუჩაზე პირველად გავედი აქციაზე, იმის გასაპროტესტებლად, რომ პუტინის რეჟიმმა ალექსეი ნავალნი დააპატიმრა. დღეს ჩვენ აქციაზე ვართ საქართველოში, იმიტომ რომ პუტინის რეჟიმმა მოკლა ნავალნი. ჩვენ დღეს განვიცდით დიდ ტკივილს, სიცარიელეს და იმედგაცრუებას. მაგრამ გვახსოვდეს, რომ ალექსეი ნავალნის ჰქონდა რწმენა, თავისი, ჩვენი, თავისი ქვეყნის და ხალხის. მე მინდა რომ ჩვენ ეს რწმენა არ დავკარგოთ. უნდა დავუმტკიცოთ პუტინის ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვართ მონები! რუსეთი იქნება თავისუფალი“, - თქვა აქციის მონაწილემ.
მანამდე რუსეთის მოქალაქეებმა აქცია გამართეს თბილისშიც.